თამარ კოვზირიძე

თანადამფუძნებელი

თამარ კოვზირიძე გახლავთ რეფორმატიკსის თანადამფუძნებელი და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტთან ასოცირებული მეცნიერ-თანამშრომელი. მას გააჩნია ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის (გერმანია) პოლიტიკური მეცნიერების, ეკონომიკისა და ინგლისური ენის ფილოლოგიის მაგისტრის ხარისხი, ასევე ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (ბელგია) მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. მისი კვლევითი სფერო მოიცავს სავაჭრო პოლიტიკას, ეკონომიკურ რეგულირებას, ეთნო-ნაციონალურ კონფლიქტებს, ევროპულ ინტეგრაციასა და ფედერალიზმს. 2004-2012 წლებში თამარ კოვზირიძე იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს საქართველოს მთავრობაში. ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე 2004-2008 წლებში, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი და საგარეო ურთიერთობების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი 2009-2012 წლებში. იგი მონაწილეობდა საქართველოში ეკონომიკური რეფორმების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ის იყო დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველო-თურქეთის მოლაპარაკებების დროს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე 2006-2007 წლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესში 2005-2011 წლებში, დელეგაციის ხელმძღვანელი  და კოორდინატორი საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის (DCFTA) თაობაზე მოლაპარაკების პროცესში 2009-2012 წლებში.