ფოკუს-ჯგუფი No 2 – ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT)

მაიკლ ემერსონი, ვერონიკა მოვჩანი, ლალი ღოღობერიძე, ვადიმ გუმენე
ფოკუს-ჯგუფი No 2 – ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT)

2019 წლის მარტში ჩვენ დავიწყეთ ფოკუს-ჯგუფების ჩატარება ყოველთვიურად, ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებების და DCFTA-ების ძირითად ასპექტებზე. ფოკუს-ჯგუფები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ დაინტერესებული მხარეები (მთავრობა, ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.) იმართება სამივე ქვეყნის დედაქალაქებში. შეხვედრებისას გამოყენებულია სტანდარტული კითხვარი. ფოკუს-ჯგუფებს ორგანიზებას და მოდერაციას უწევენ ჩვენი პარტნიორები: IER - კიევში, Expert-Group კიშინეუში და Reformatics თბილისში.

ფოკუს-ჯგუფების ძირითადი მიზანი არის მოსაზრებების გაზიარება ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ების პრაქტიკაში განხორციელების შესახებ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს რეკომენდაციები სამივე ქვეყნის პოლიტიკოსებისთვის და ასევე, ევროპული ინსტიტუციებისთვის.

გამომდინარე იქედან, რომ მონაწილეთა მოსაზრებები კონფიდენციალურია, ქვეყნდება ერთიანი ანგარიშები, სადაც მოცემულია დასკვნების სინთეზი.

მე-2 ფოკუს-ჯგუფი ჩატარდა თემაზე „ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში“. „ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში“ არის ინდუსტრიული პროდუქტის რეგულირების და სანდარტების თემის ოფიციალური დასახელება. ევროკავშირის დონეზე აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა მოიცავს მრავალ დირექტივას, რომელთა შესრულებაც შესაბამისი, ევროპის სტანდარტების ორგანიზაციების - CEN, CENELEC და ETSI-ის მიერ მიღებული ტექნიკური სტანდარტების საშუალებით ხორციელდება. აღნიშნული ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ISO), რომელიც ჟენევაში მდებარეობს.

ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობა მიიღო საშუალოდ 15-19 მონაწილემ, რომლებიც წარმოადგენდნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორებს და ასოციაციებს.