წინამდებარე სახელმძღვანელო მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროკავშირს და მის 28 წევრ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ვრცელი და კომპლექსური ხელშეკრულების - ასოცირების შეთანხმების და მისი განუყოფელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) - შინაარსის განმარტებას. მსგავსად სხვა რთული ხასიათის სამართლებრივი ტექსტებისა, შეუძლებელია აღნიშნული შეთანხმება წაკითხული და გაგებული იქნას როგორც წიგნი. შესაბამისად, ამ პუბლიკაციის მიზანია ყველასთვის გასაგებ ენაზე იმის განმარტება, თუ რას გულისხმობს შეთანხმების თითოეული თავი როგორც მხარეების მიერ ნაკისრი ვადლებულებების, ასევე მათი აღსრულების პერსპექტივის თვალსაზრისით.
სახელმძღვანელოს მეორე გამოცემაში ასახულია მისი პირველი გამოცემის (2016 წელი) შემდგომ გასული ორი წელი, რაც იძლევა პუბლიკაციის საფუძვლიანი განახლების შესაძლებლობას და ასევე, ინფორმაციას ხელშეკრულების განხორციელების პროგრესთან დაკავშირებით ადრეულ ეტაპზე.
სახელმძღვანელოს ავტორების მიზანია მკითხველთა ფართო წრეების მოცვა, მათ შორის, სახელმწიფო მოხელეების, პარლამენტარების, იურისტების, ბიზნეს-წრეების და ბიზნეს- კონსულტანტების, ანალიტიკოსების, მკვლევარების, სამოქალაქო საზოგადოების, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და ჟურნალისტების. სახელმძღვანელოს სტრუქტურა ასოცირების შეთანხმების სტრუქტურის იდენტურია, თუმცა ამ დოკუმენტების თავები არ არის ერთმანეთის იდენტური. შეთანხმებაში ასახული რამდენიმე თავი, რომელიც ნაკლებ ინტერესს იწვევს, წინამდებარე სახელმძღვანელოში არ არის მიმოხილული, ხოლო რამდენიმე თავის სათაური მცირედ შეცვლილია.
პუბლიკაცია წარმოადგენს ერთის მხრივ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაფორმებული მსგავსი, მაგრამ არა იდენტური შეთანხმებების შესახებ სახელმძღვანელოების ტრილოგიის ნაწილს. სამივე ზემოთხსენებული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ელექტრონულად და მათი ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ, ინგლისურ და ზემოთხსენებული სამი ქვეყნის ენებზე შემდეგი მისამართიდან.
სახელმძღვანელოში არის მითითებები ასოცირების დღის წესრიგზე, დოკუმენტზე, რომელიც მომზადებულია ერთობლივად ევროკავშირისა და საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების შეფასების მიზნით და მოიცავს დეტალურ და განახლებულ ინფორმაციას შეთანხმების სხვადასხვა თემატიკაზე. ამგვარად, შეთანხმება და დღის წესრიგი არ უნდა იყოს ერთმანეთში აღრეული. ორივე დოკუმენტის ოფიციალური ტექსტი ინგლისურ და ქართულ ენებზე ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე.
მკითხველთა უფრო ფართო წრეებისთვის, მათ შორის სტუდენტებისთვის, მომზადდა სახელმძღვანელოს შემოკლებული და გასაგებ ენაზე შესრულებული ვერსია როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ფორმატში ინგლისურ და ქართულ ენებზე და ხელმისაწვდომია შემდეგ ელ-მისამართზე.
სახელმძღვანელო მკვლევართა და ექსპერტთა ორმა გუნდმა მოამზადა, კერძოდ კი ბრიუსელში მდებარე CEPS-ისა და თბილისში მდებარე „რეფორმატიქსის“ ექსპერტებმა.
CEPS დაფუძნებულია 1983 წელს და იგი ევროპის საკითხებზ წამყვან ანალიტიკურ/კვლევით ცენტრად ითვლება; ორგანიზაციას გააჩნია საკუთარ მკვლევართა ძლიერი ჯგუფი და პარტნიორი ინსტიტუტების ფართო ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაციის მისიაა სიღრმისეული პოლიტიკური კვლევების ჩატარება და ამ კვლევებზე დაყრდნობით ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაწყვეტის კონსტრუქციული გზების დასახვა.
რეფორმატიქსი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც თბილისში მდებარეობს. ორგანიზაცია დაფუძნებულია საქართველოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ, რომლებმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ეკონომიკური რეფორმების შემუშავებასა და მათ წარმატებით განხორციელებაში. კომპანია ამჟამად ახორციელებს საკონსულტაციო პროექტებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. სახელმძღვანელოს თანაავტორები მადლიერებას გამოხატავენ ნიკა გილაურის მიმართ, მის მიერ რამდენიმე თავთან დაკავშირებით გაკეთებული სასარგებლო კომენტარებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოს შინაარსის ნაწილი საკმაოდ ტექნიკურია, ვიმედოვნებთ, რომ მკითხველი დააფასებს კონსტანტინ სუნერბერგის სახალისო ხასიათის ილუსტრაციებს, რომლებიც წიგნის ყდას და ყოველი თავის პირველ გვერდს ამშვენებს.
ავტორები მადლიერებას გამოხატავენ CEPS-ის სარედაქციო გუნდის წევრების, ან ჰარინგტონის, მარგარიტა მინკოვასა და ჯეკი ვესტის, მიმართ იმ თავდაუზოგავი შრომის გამო, რომელიც მათ სამუშაოს დასრულებისთვის გასწიეს.
და ბოლოს, ავტორები მადლობას უხდიან შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მისი მხარდაჭერისა და პროექტის დაფინანსებისთვის. განსაკუთრებით კი, მირია პეტერსონს, მარია ლიუნგმანს და სანა ლეინოს მათი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.
წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები მთლიანად მისი ავტორების აზრს გამოხატავს და არ უნდა იყოს აღქმული, როგორც CEPS-ის, რეფორმატიქსის, Sida-ს ან ევროკავშირის მოსაზრებები.